English / ქართული /








Journal number 4 ∘ Giorgi Shikhashvili
Current Paradigms of Self-management: Synergic Understanding of Personal Health Management

Nowadays, it is exceptionally important to research actual issues of selfmanagement, in particular, the synergic understanding of personal health management. For this purpose the article discusses the following issues: a synergic approach to human understanding; The underlying synergic paradigms of self-management; Biblicalsynergic understanding of management; Christian synergic paradigms of public and personal health management; Medical teaching according to the Bible; General and practical aspects of personal health management with specific individual treatment methods (treatment with juices, healthy foods, hunger, physical activity, etc.).

The article contains the author’s visions, paradigms and concrete opinions in the direction of personal health management.

Keywords: Synergic Paradigms of Self-Management; Medical Teaching According to the Bible; Synergic Understanding of Personal Health Management; Individual Treatment Methods.

თვითმენეჯმენტის აქტუალური პარადიგმები: პირადი ჯანდაცვის მართვის სინერგიული გააზრება

დღევანდელ პირობებში უაღრესად მნიშვნელოვანია თვითმენეჯმენტის აქტუალური საკითხების კვლევა და, კერძოდ, პირადი ჯანდაცვის მართვის სინერგიული გააზრება. ამ მიზნით სტატიაში განხილულია შემდეგი საკითხები: სინერგიული მიდგომა ადამიანის შეცნობისადმი; თვითმენეჯმენტის ფუძემდებლური სინერგიული პარადიგმები; მართვის ბიბლიურ-სინერგიული გააზრება; საზოგადოებრივი და პირადი ჯანდაცვის მართვის ქრისტიანული სინერგიული პარადიგმები; ბიბლიის სამედიცინო სწავლება; პირადი ჯანდაცვის მართვის სინერგიული გააზრების ზოგადმეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტები, კონკრეტული ინდივიდუალური სამკურნალო მეთოდების მითითებით (მკურნალობა წვენებით, ჯანსაღი საკვებით, შიმშილობით, ფიზიკური აქტივობით და სხვ.). სტატიაში ჩამოყალიბებულია ავტორისეული ხედვები, პარადიგმები და კონკრეტული მოსაზრებები პირადი ჯანდაცვის მართვის სრულყოფის მიმართულებით.

საკვანძო სიტყვები: თვითმენეჯმენტის სინერგიული პარადიგმები; ბიბლიის სამედიცინო სწავლება; პირადი ჯანდაცვის მართვის სინერგიული გააზრება; ინდივიდუალური სამკურნალო მეთოდები.

თანამედროვე საქართველოში, საზოგადოებრივი ცხოვრების საყოველთაო მკვეთრი ინდივიდუალიზაციის, სეკულარიზაციისა და კომერციალიზაციის პირობებში, უაღრესად მნიშვნელოვანია თვითმენეჯმენტის აქტუალური საკითხების კვლევა და, კერძოდ, პირადი ჯანდაცვის მართვის სინერგიული გააზრება. აუცილებელია მეცნიერული კვლევისა და ცხოვრებისეული პრაქტიკისადმი რელიგიური და სეკულარული მიდგომების ჰარმონიზება.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ზემოაღნიშნული ინდივიდუალიზაციის მიუხედავად, საქართველოში თვითმენეჯმენტის თეორიულ-მეთოდოლოგიური და პრაგმატულ-გამოყენებითი საკითხების კვლევას ნაკლები ყურადღება ეთმობა. ძალზე მცირეა ამ სფეროს კვლევასთან დაკავშირებული მონოგრაფიები და სამეცნიერო სტატიები. აქედან გამომდინარე, როგორც შედეგი, თითქმის არ არსებობს ლიტერატურა, რომელიც პირდაპირ ეხება პირადი ჯანდაცვის მართვას. მაგალითად, თვითმენეჯმენტის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში გარკვეული ადგილი აქვს დათმობილი პირადი ჯანდაცვის მართვის მხოლოდ ზოგად (არასინერგიული ხასიათის) საკითხებს [1]. ეკონომიკისა და მართვის კუთხით სპეციალიზებული ლიტერატურიდან, აგრეთვე, უნდა აღინიშნოს ნაშრომები [2; 3], რომლებშიც ასახულია საზოგადოებრივი და პირადი ჯანდაცვის მართვისადმი სინერგიული მიდგომები და პარადიგმები.

ამასთან, არსებობს ეკონომიკისა და მართვის კუთხით არასპეციალიზებული ქართულენოვანი ნაშრომები [4-15], რომლებშიც ასახულია თვითმენეჯმენტისა და საზოგადოებრივი და პირადი ჯანდაცვისადმი რელიგიური, სეკულარული და სინერგიული მიდგომები.

სტატიის მიზნიდან გამომდინარე, შევისწავლეთ თემასთან პირდაპირ და ირიბად დაკავშირებული უცხოენოვანი წყაროებიც და მათგან ქართულ ენაზე ნათარგმნი ლიტერატურა [16-24 - ნათარგმნი წყაროები; 25-35 - უცხოენოვანი წყაროები].

ნაშრომის მიზანია, საქართველში თვითმენეჯმენტის აქტუალური გამოწვევების თეორიულ-სინერგიული ასპექტების კვლევისა და სინერგიული სამედიცინო თეორიულ-მეთოდოლოგიური პარადგიმების გამოვლენა-შესწავლის საფუძველზე პირადი ჯანდაცვის მართვისათვის ავტორისეული სათანადო პარადიგმების/განმარტებების ჩამოყალიბება და შესაბამისი პრაქტიკული გზების დასახვა.

ნაშრომი ორიგინალურია და სიახლეს წამოადგენს ქართული სამეცნიერო-ეკონომიკური საზოგადოებისათვის. მასში გადმოცემულია თვითმენეჯმენტის და პირადი ჯანდაცვის მართვის სინერგიული გააზრება, შესაბამისი ბიბლიურ-ქრისტიანული და ავტორისეული პარადიგმები და პიროვნულ-ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდები. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს ჩვენ მიერ წინა წლებში დაწყებული კვლევის შედეგად გამოცემული ნაშრომები [2; 3], რომლებშიც ასახულია საზოგადოებრივი და პირადი ჯანდაცვის მართვისადმი სინერგიული მიდგომები და პარადიგმები.

თვითმენეჯმენტის სინერგიული გააზრება

თვითმენეჯმენტის ამოსავალი პარადიგმა - „შეიცან თავი შენი“

ყოველი ადამიანის მიერ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და შესაბამის პირად ქმედებათა და მთლიანად, ცხოვრების სწორად წარმართვისათვის პიროვნება ლოგიკურად და აუცილებელად უნდა ეყრდნობოდეს თვითშეცნობის უძველეს, ერთ-ერთ ფუძემდებლურ პარადიგმას - „შეიცან თავი შენი“. სწორედ ამ სიბრძნეზე უნდა დაამყაროს ყოველმა ადამიანმა თავისი აზროვნება, შეიცნოს საკუთარი პიროვნება და ზუსტად გაიაზროს: თავისი წარმოშობა, დანიშნულება, მიზანი, ცხოვრების არსი (სიცოცხლის საზრისი), პირადი მოთხოვნილებები და მათი დაკმაყოფილების გზები, საარსებო გარემო, სხვა ადამიანების და საზოგადო- ებრივი ცხოვრების აზრი.

აღნიშნული სიბრძნიდან გამომდინარებს მეორე, ასევე ძველთაგანვე ცნობილი საზოგადოებისა და სამყაროს შეცნობის პარადიგმა: „შეიცან თავი შენი და შენ შეიცნობ მთელ სამყაროს“.

სწორედ ამ ორი პარადიგმის საფუძველზე შევიმუშავეთ თვითმენეჯმენტის ფუძემდებლური პარადიგმა: „საკუთარი თავის და საარსებო გარემოს შეცნობისა და შეცნობილი რეალობის შესაბამისი მიზნების დასახვის საფუძველზე წარმართე/მართე შენი ცხოვრებისეული ქმედებები“.

სინერგიული მიდგომა ადამიანის თვითშეცნობისადმი და თვითმენეჯმენტის სინერგიული პარადიგმები

ადამიანის და მისი ცხოვრების არსის შეცნობაში არის ორი მიდგომა - ათეისტური და თეოლოგიური (სხვაგვარად - სეკულარული და ქრისტიანული).

დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში ოფიციალურად წახალისებულ-დადგენილ-გაბატონებული ათეისტურ-სეკულარული იდეოლოგიის მიხედვით, სამყარო წარმოიშვა თავისთავად, ქაოსიდან, ხოლო ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისაგან, ევოლუციის ხანგრძლივ პროცესში. ყოველი ინდივიდი ცოცხლობს გარკვეული დროის განმავლობაში და სიკვდილის შემდეგ იგი არარაობად იქცევა და სამუდამოდ ქრება სამყაროდან. თუმცა, ამასთანავე, სეკულარულ გაგებაში ჩადებულია თეოლოგიურ-ქრისტიანული სწავლებასთან საერთო საწყისებიც, რომელთა განხორციელებაც უწევს ყველა ადამიანს მიწიერი ცხოვრების დროს.

სამყაროსა და ადამიანის წარმოშობის შესახებ თეოლოგიურ-ქრისტიანული იდეოლოგია, ცნობილ დემოკრატიულ-სისხლიან რევოლუცია-ომებამდე, მოიცავდა დღევანდელი ცივილიზებული ევროპის ტერიტორიაზე არსებულ პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს. მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ცივილიზაცია დევნილ-დაგმობილ იქნა სეკულარულ-ათეისტურად აგრესიული სახელმწიფოების შექმნა-განვითარების მეშვეობით/შედეგად. სამწუხაროდ, უნდა ითქვას ისიც, რომ დღევანდელი ლიბერალურ-დემოკრატიული საზოგადოების პირობებშიც კი გაბატონებულია ყველასთვის თვალნათელი, თეოლოგიურ-ქრისტიანული აზროვნების დამცირების, დისკრედიტაციისა და ლიბერალური დევნის „დემოკრატიული“ იდეოლოგია, პრაქტიკა და შესაბამისი მეთოდები.

თუმცა, დავუბრუნდეთ დაწყებულ მსჯელობას თეოლოგიურ-ქრისტიანული სწავლების შესახებ, რომლის მიხედვით სამყარო შექმნა ღმერთმა. უფალმა ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად, ყოველი ქმნილების გვირგვინად, მეუფედ, მცველად და განმგებლად შექმნა და დაადგინა ადამიანი. ადამიანში არის სულიერი და ხორციელი საწყისები, რომელთაგან მთავარია სული. ხორცი მოკვდავია, სული კი - უკვდავი. ფიზიკური სიკვდილის შემდეგ ხორცი მიიქცევა მიწად, რომლისაგან ის შეიქმნა, ხოლო სული სამარადჟამო ნეტარი ცხოვრებისთვის უბრუნდება ღმერთს, რომელმაც შთაბერა იგი.

თეოლოგიურ-ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ყოველი ადამიანის ცხოვრების არსი, დანიშნულება, მისია, მიზანი და მათგან გამომდინარე თვითმენეჯმენტის ქრისტიანული სინერგიული პარადიგმის არსია ის, რომ ადამიანმა მიწიერი ცხოვრების დროს, საღვთო სჯულზე დაყრდნობით, საკუთარი ქმედებები უნდა მართოს/წარმართოს იმგვარად, რომ ფიზიკური სიკვდილის და ღვთაებრივი სამსჯავროს გავლის შემდეგ, დაემკვიდროს უფლის სასუფეველში (სამოთხეში) მარადიული ნეტარებისათვის (რასაც ქრისტიანულად განღმრთობა ეწოდება).

ამასთან დაკავშირებით,  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გადმოვცემს თვითმენეჯმენტის პარადიგმას, რომლის თანახმად, ადამიანის „მიზანი და დანიშნულება ღმერთში ცხოვრება და ნეტარი მარადიულობის მოპოვებაა“ [8, გვ. 63].

გამოჩენილი მღვდელმთავარი, ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი წმ. ბასილი დიდი გვთავაზობს თვითმენეჯმენტის შემდეგ პარადიგმას: „შეიცან თავი შენი, იზრუნე საკუთარი სულისთვის: იყავ ფხიზელი, გონიერი, დაიცავ აწმყო, იზრუნე მომავალზე“ [4, გვ. 1].

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მიწიერი ცხოვრების დროს ადამიანმა საკუთარი თავი უნდა მართოს ორივე განხილული სწავლების საფუძველზე, სინერგიულად, თეოლოგიურისადმი უპირატესობის მინიჭებით.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სინერგიულობის შესახებ გვასწავლის შემდეგს: „მეცნიერებაც და რელიგიაც ორი საშუალებაა ობიექტური რეალობის შესაცნობად და ისინი ხელს უნდა უწყობდნენ ჭეშმარიტების გზით კაცობრიობის განვითარებას“ [5, გვ. 4], „მეცნიერება და სარწმუნოება კი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ ისინი ავსებენ ერთმანეთს. ეს ჰარმონიული განვითარება უნდა იყოს ყოველ ადამიანში. უნდა ვიცოდეთ, რომ რწმენა აუცილებელია, მაგრამ მასთან ერთად მატერიალური,მეცნიერული, ტექნიკური განვითარებაც საჭიროა“ [5, გვ. 166].

ზემოაღნიშნული ორი ურთიერთდაკავშირებული პარადიგმის („შეიცან თავი შენი“ და „შეიცან თავი შენი და შენ შეიცნობ მთელ სამყაროს“) და ქრისტიანულ და სეკულარულ სწავლებათა სინერგიული გააზრების საფუძველზე, გვინდა ჩამოვაყალიბოთ თვითმენეჯმენტის ჩვენეული განმარტება: თვითმენეჯმენტი არის ადამიანის მიერ საკუთარი თავის სინერგიულ შეცნობაზე დამყარებული პირადი ფიზიკური, სულიერი და სოციალური საწყისების, რესურსების და პოტენციალის მართვა-განვითარება.

პიროვნული, სოციალური და სამეურნეო-მმართველობითი თემატიკის ბიბლიურ-ქრისტიანული სინერგიული გააზრება

ზოგადსაკაცობრიო სულიერ და მატერიალურ ფასეულობათა საგანძურში ზეაღმატებული ადგილი უკავია ბიბლიას, რომელშიც ასახულია მთელი სამყაროს და მისი ყოველი შემადგენელი ნაწილის საწყისი, ისტორიული წარსული, აწმყო და მომავალი, პიროვნული და საზოგადოებრივი განვითარების კონცეპტუალური, თეორიული საფუძველი და პრაქტიკული მოქმედების მეთოდოლოგია.

ბიბლიაში სიღრმისეულად არის ასახული მრავალფეროვანი პიროვნული, სოციალური და სამეურნეო-მმართველობითი თემატიკა, სახელდობრ: ადამიანის მოთხოვნილებები და მათი დაკმაყოფილების გზები, ჯანდაცვა, წარმოების, მართვის და ყოველი ინდივიდის არსებობა-განვითარებისა და თვითმართვის აუცილებლობა, საკუთრება, შრომა, ეკონომიკის ცალკეული დარგები (მშენებლობა, ვაჭრობა, განათლება სოფლის მეურნეობა, საკვები და სასმელი პროდუქტები და სხვ.). ყოველივე ეს ადასტურებს ბიბლიის უზენაეს თეორიულ-მეთოდოლოგიურ ფასეულობას და მისი მეცნიერულ-სინერგიული შესწავლის შესაძლებლობა-აუცილებლობას სოციალურ-ეკონომიკური და ბიზნეს-სამენეჯმენტო პროფილის მკვლევართათვის.

ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ სამეურნეო-მმართველობითი საქმიანობა თვით ღმერთის მიერ არის დადგენილ-წახალისებული და გვევლინება, როგორც ქრისტიანული სწავლების ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი. აქედან გამომდინარე, სავსებით მართებულად მიგვაჩნია, მსჯელობა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მართვის და ცალკეულ ადამიანთა თვითმენეჯმენტის თეოლოგიური, სინერგიული გააზრების შესაძლებლობასა და აუცილებლობაზე.

სიბრძნე-შემეცნების, სიცოცხლის, სამეურნეო-მმართველობითი საქმიანობის, კვებითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძველია ბიბლიური სინერგიული სიბრძნის, პარადიგმების და პრინციპების სისტემა, რომელთაგან აღსანიშნავია:

1. „ყოველი სიბრძნე უფლისგან არის და მასთანაა საუკუნოდ“ [6, ზირ. 1, 1, გვ.612];

2. შექმნისას, უფალმა ადამიანებს მისცა „აზრი, ენა და თვალები, ყურები და გული“, რათა შეიცნონ საკუთარი თავი და გარემო, „აღავსო ისინი ცოდნითა და სწავლით და აჩვენა მათ კეთილი და ბოროტი“, „წინ დაუდვა მათ ცოდნა და ცხოვრების წესი დაუმკვიდრა“ [6, ზირ. 1, 1-11, გვ. 623];

3. „აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად“ [6, დაბ. 2, 15, გვ. 14];

4. „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა ეპატრონეთ მას“ [6, დაბ. 1, 28, გვ. 13];

5. „დასაბამი სიცოცხლისა წყალი და პურია“ [6, ზირ. 29, 21, გვ. 632];

6. „აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი,.. და ყოველი ნაყოფიერი ხე,.. ეს იყოს თქვენი საზრდო“ [6, დაბ. 1, 29, გვ. 13-14];

7. „ხრწნადი საზრდოსთვის ნუკი ზრუნავთ, არამედ იზრუნეთ საზრდოსათვის, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლედ“ [6, იოან. 6, 27, გვ. 1051];

8. „ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს მე, ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ არაფერი არ უნდა მფლობდეს მე. საჭმელი მუცლისათვის, და არა მუცელი საჭმლისათვის; ხოლო ღმერთი ერთსაც და მეორესაც განაქარებს. სხეული კი არა სიძვისათვის, არამედ უფლისათვის, და უფალი სხეულისათვის“ [6, 1 კორ. 6, 12-13, გვ. 1137];

9. „გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე“ [6, ფსალმ. 103, 23, გვ. 543];

10. „ჩვენი ბეღლები სავსე იყოს ნაირ-ნაირი მოსავლით. ცხვარნი ჩვენნი ათასობდნენ, ათიათასობდნენ ჩვენს საძოვრებზე“ [6, ფსალმ. 143, 13, გვ. 561];

11. „მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს ღმრთისა“ [6, მათ. 22, 21, გვ. 981];

12. „თუ ვინმეს არ სურს მუშაობა, მაშინ ნურცა ჭამს“ [6, 2 თეს. 3,10, გვ. 1177];

13. „ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა“ [6, ლუკ. 10, 7, გვ. 1024];

14. თუ ვივლით ღმერთის წესებზე და დავიცავთ მის მცნებებს და შევასრულებთ მათ, უფალი გვპირდება სრულ პიროვნულ, ეროვნულ, პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, მმართველობით და სამხედრო კეთილდღეობას, უხვ მოსავალს და სულიერ-ხორციელ ჯანმრთელობას, ხოლო თუ არ დავუჯერებთ და არ შევასრულებთ მის მცნებებს, მაშინ იგი მოგვივლენს ყოველივე ამის საპირისპირო სასჯელებს [6, ლევ. 26, 1-46, გვ. 121-122].

მედიცინისა და პირადი ჯანდაცვის მართვის ქრისტიანული სინერგიული პარადიგმები
ბიბლიის სამედიცინო სწავლება

ბიბლიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მედიცინის და პირადი ჯანდაცვის მართვის აქტუალურ საკითხებს, ბიბლიის სამედიცინო-ჯანდაცვითი სინერგიული მოძღვრება გვასწავლის:

1. „თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს... მოგაწებებს უფალი შავ ჭირს.... მოგწყლავს უფალი ჭლექით, ციებ-ცხელებით, ხურვებით, გვალვით, ხორშაკით და სიყვითლით..». [6, რჯლ. 28, 15, 21-22, გვ. 188];

2. „თუ გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურს დაუგდებ მის ბრძანებებს და დაიცავ ყველა მის წესს, არ შეგყრი არცერთ სენს, ...რადგან მე ვარ უფალი, შენი გამკურნებელი“ [6, გამ. 15, 26, გვ. 71];

3. „ვინც თავისი შემოქმედის წინაშე სცოდავს, დაე ის ჩავარდეს მკურნალის ხელში!“ [6, ზირ. 38,15, გვ. 638];

4. „ადამიანისთვის სიცოცხლის სახსართაგან მთავარია: წყალი და ცეცხლი, რკინა და მარილი, ხორბლის ფქვილი და რძე, თაფლი და ყურძნის წვენი, ზეთი და სამოსელი. ყოველივე ეს ღვთისმოსავთა სასიკეთოდაა, ცოდვილებს კი სატნჯველად ექცევა“ [6, ზირ. 39, 26-27, გვ. 640];

5. „ჯანმრთელი და ძალ-ღონით ძლიერი ღატაკი სჯობს სხეულით დაძაბუნებულ მდიდარს. სიმრთელე და სიძლიერე ყველა ოქროს სჯობს და ჯანსაღი სხეული - განუზომელ სიმდიდრეს“ [6. ზირ. 30, 14-15, გვ. 632-633];

6. „ჯანსაღი ძილი ზომიერ კუჭზეა: დილით ადრე ადგება და მასთანაა მისი სული. გაუმაძღარ კაცს კი უძილობა, ქოლერა და მუცლის გვრემა გასტანჯავს“ [6, ზირ. 31, 20, გვ. 633];

7. „გაუმაძღარი ნუ იქნები განცხრომაში და საჭმელ-სასმელს ნუ დაეხარბები. რადგან ბევრი ჭამისგან ჩნდება სენი და გაუმაძღრობამ გულისრევა იცის. გაუმაძღრობით მრავალნი აღესრულნენ, თავშკავებული კი სიცოცხლეს იხანგრძლივებს“ [6, ზირ. 37, 29-31, გვ. 638];

8. „ღვინოში ნუ ივაჟკაცებ, რადგან ღვინოს ბევრი დაუღუპავს. კაცთა სიცოცხლისათვის ღვინო საჭიროა, თუკი მას ზომიერად შესვამენ. რა არის სიცოცხლე ღვინის გარეშე? იგი ხომ კაცთა სასიხარულოდ შეიქმნა. გულის სიხარული და სულის შვებაა ზომიერად და დროის შესაფერისად შესმული ღვინო“ [6, ზირ. 31, 25-28, გვ. 633];

9. „ავადმყოფობს რომელიმე თქვენგანი? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს და აღადგენს მას უფალი; და თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, მიეტევება მას“ [6, იაკ. 5, 14-15, გვ. 1107];

10. „პატივი მიაგე მკურნალს, ...რადგან უფალმა შექმნა იგი, რადგან მკურნალობა უზენაესისგან არის და ნიჭიც მეუფისგან ეძლევა მას“ [6, ზირ. 38, 1-2, გვ. 638];

11. „შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს“ [6, ზირ. 38, 9, გვ. 638];

12. „უფალმა მიწისგან შექმნა წამლები და გონიერი კაცი არ უგულებელყოფს მათ“ [6, ზირ. 38, 4, გვ. 638];

13. „ცოდნა მკურნალს თავს აუმაღლებს და დიდებულთა წინაშე მოუხვეჭს პატივს“ [6, ზირ. 38, 3, გვ. 638];

14. „მიეცი ადგილი მკურნალს, რადგან უფალმა შექმნა და ნუ მოიშორებ, რადგან გჭირდება იგი“ [6, ზირ. 38, 12, გვ. 638];

15. „განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით“ [6, მათ. 10, 8, გვ. 967];

16. „მკურნალო, განიკურნე შენი თავი“ [6, ლუკ. 4, 23, გვ. 1016].

ბიბლიის სამედიცინო სიბრძნიდან გამომდინარე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გვასწავლის: „ჭეშმარიტი მედიცინა დაკავშირებულია ღმერთთან, სულთან, რწმენასთან“ [5, გვ. 152] .

მეტად მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია შემდეგი სამი ქრისტიანული სამედიცინო პარადიგმა: 1) ავადმყოფობა და სიკვდილი კაცობრიობის ისტორიაში ადამისა და ევას პირველქმნილი ცოდვის შედეგად შემოვიდა; 2) დღესაც უფალი ავადმყოფობას გვიგზავნის ცოდვების გამო და მათი გამოსყიდვის მიზნით, რათა გავაცნობიეროთ ჩვენი მანკიერებანი და შევიცვალოთ ცოდვიანი ცხოვრების წესი; 3) ავადმყოფობა გვეგზავნება, აგრეთვე, ცოდვების ჩადენისგან თავშესაკავებლად და, მათი განკურნების შემთხვევაში, - უფლის განსადიდებლად - მაგალითად, იესო ქრისტეს მიერ დაბადებიდან ბრმის განკურნება სილოამის საბანელთან [6, იოან. 9,1-41, გვ. 1056-1057].

ბიბლიაში სნეულთა მკურნალობას მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი. იესო ქრისტე დიდი სიყვარულით და სრულიად უანგაროდ კურნავდა ავადმყოფებს. ავადმყოფობის დროს ექიმს უნდა მივმართოთ, ამასთან, აუცილებელია მოძღვრისგან ვითხოვოთ კურთხევა მკურნალობაზე და მთლიანად მივენდოთ ღვთის ნებას. მაშინ ლოცვით, მარხვით, მოწყალების გაცემითა და სხვა კეთილი საქმეებით შეგვიწყალებს უფალი და გვაჩუქებს განკურნებას.

ჩვენი განკურნებისათვის უმთავრესი და უებარია ლოცვა სნეულთათვის, რომლითაც მივმართავთ თვით უფალ იესო ქრისტეს: „შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა (მხევალსა) შენსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლოო კაცთმოყვარე“ [7, გვ.19]. ეს ლოცვა, ზოგადსამედიცინო და პირადი ჯანდაცვის თვალსაზრისით უმთავრეს პარადიგმას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, აგრეთვე, შემდეგი საჯანმრთელო ლოცვები, რითაც მივმართავთ წმინდანებს [7, გვ. 20-81]:

1. ყოველგვარ სნეულებათა დროს - წმ. დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალს, წმ. ღირს მამას გაბრიელს აღმსარებელ-სალოსს;

2. თავის ტკივილის დროს - წმ. წინასწარმეტყველსა და ნათლისმცემელს;

3. თვალის ტკივილის დროს - წმ. მახარებელ ლუკას, წმ. მოციქულ ფილიპეს, წმ. მღვდელმთავარ ნიკოლოზს, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსს;

4. სიბრმავისაგან განსაკურნებლად - წმ. მღვდელმთავარ ნიკოლოზს, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსს, წმ. დიდმოწამე დიმიტრი თესალონკელს, ღირს შიო მღვიმელს;

5. სიმუნჯისა და ენაბლუობისაგან განსაკურნებლად - წმ. მღვდელმთავარ ევტიქის, კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპოსს, ღირს იოანე რილელს;

6. კბილის ტკივილის დროს - წმ. მღვდელმოწამე ანტიპას, პერგამის ეპისკოპოსს, წმ. დიდ კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასალს;

7. გულის დაავადებების დროს - წმ. იოასაფს, ბელგოროდელ ეპისკოპოსს;

8. მუცლის ღრუს (კუჭის) დაავადებების დროს - წმ. დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალს, წმ. დიდმოწამე არტემიოსს;

9. წელის ტკივილის დროს - ღირს სერაფიმე საროველს;

10. უშვილობისას - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს წმ. და მართალ იოაკიმეს და ანას, წმ. იოანე ნათლისმცემელის მშობლებს წინასწარმეტყველ ზაქარიას და მართალ ელისაბედს, წმ. მოციქულთა სწორს ქართველთა განმანათლებელ ნინოს, წმ. მოწამე შუშანიკ დედოფალს, ღირს შიო მღვიმელს;

11. ალერგიის დროს - წმ. მოწამეებს, უვერცხლოთ მკურნალთ კვიროს და იოანეს;

12. კიბოსაგან განსაკურნებლად - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს: „პანტანასა“;

13. მემთვრალეობის და ლოთობის სენის დასაძლევად - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს: „თასი შეუსმელი“;

14. ნარკომანიისაგან განსაკურნებლად - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს „პანტანასა“;

15. ვნებათა და ცოდვათა დასაძლევად - წმ. მთავარანგელოზ იერომიელს.

ღვთის წყალობით და შეწევნით, ჩვენ მიერ შექმნილია ლოცვა-ვედრება უფლისადმი, ჩვენი სულიერი და ხორციელი განწმენდა-განკურნებისათვის, რომელსაც აქვე გადმოვცემთ: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი და გაგვიწმინდე, განგვიკურნე, აღგვიდგინე და აგვიღორძინე ჩვენი არსება და მისი ყოველი ნაწილი ყოვლისაგან ბიწისა სულიერისა და ხორციელისა!

ლოცვებთან ერთად, პირადი ჯანდაცვის სწორი და ეფექტური მართვისათვის ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიყენებდეთ „მედიცინის მამის“, ჰიპოკრატეს საყოველთაოდ ცნობილ, ფუძემდებლურ პარადიგმას: „დაე, შენი საკვები იყოს შენი წამალი და შენი წამალი იყოს შენი საკვები“, რომელიც გამომდინარეობს ბიბლიური სინერგიული ჯანდაცვითი სიბრძნიდან.

საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის რელიგიურ-ეთიკური და ფსიქოლოგიური ასპექტები

საქართველოში 26 წლის წინ დაწყებული და დღესაც მიმდინარე რეფორმების უმთავრესი მიზანია საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრება და განვითარება. ჯანდაცვის სისტემის რეფორმაც, მისი დღევანდელი სახით, მცდარად, ამ მიზნის აბსოლუტურად იდენტურ და სწორ შემადგენელ ნაწილად არის მიჩნეული.

„შეუიარაღებელი თვალისთვისაც“ კი ადვილი შესამჩნევია, რომ ტოტალური პრივატიზების და კომერციალიზაციის ყოვლისმომცველი პოლიტიკა უარყოფითად მოქმედებს საზოგადოების ჯანდაცვის მდგომარეობაზე და იწვევს მწვავე და შეუქცევად სამედიცინო, დემოგრაფიულ და ზნეობრივ გართულებებს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პრივატიზებული და მოგების მოპოვებაზეა გადასული ფსიქიატრიული საავადმყოფოებიც (მაგალითად, ბათუმში, ხონში).

მიზანშეწონილად მიგვაჩნია ქეისის განხილვის სახით გავიაზროთ ჯანდაცვის სისტემის კომერციალიზაციის კომპლექსური უარყოფითი მხარეები. ამისათვის მკითხველს ვთავაზობთ ჩვენ მიერ შედგენილ ქეისს.

შემეცნებითი სინერგიული ქეისი კომერციულ ჯანდაცვასა და ფარმაცევტულ ბიზნესზე

თანამედროვე ფარმაცევტული ბიზნესის, კომერციული საავადმყოფოების, პოლიკლინიკების მესვეურების, ექიმების, საავადმყოფოებისა და აფთიაქების თანამშრომლების საარსებო საშუალებები (შემოსავალი, მოგება და ხელფასი) პირდაპირ არის დამოკიდებული ავადმყოფთა სიმრავლეზე, ანუ მოქმედებს ბიზნეს-იდეოლოგიური, პარადოქსული, უზნეო პარადიგმა: „ჯანდაცვის მუშაკები უნდა არსებობდნენ ავადმყოფთა არსებობით და სიმრავლით“. აქედან გამომდინარე, თავისი ქმედებით და წამლებით, ისინი (ჯანდაცვის მუშაკები) შეგნებულად თუ არაშეგნებულად, ხშირად არასრულად ან საერთოდ არ/ვერ კურნავენ ავადმყოფებს. ამასთან, ახალ-ახალი, უამრავი დასახელების, მომხიბლავად შეფუთულ-გაფორმებული, ფარმაცევტული კომპანიების მიერ მეტი და მეტი კომერციული მოგების მიღების მიზნით გამოგონილ-გამოშვებული, წინამორბედი ანალოგიური პრეპარატისგან მხოლოდ დასახელებით და შეფუთვით განსხვავებული, მხურვალედ რეკ- ლამირებული, მომწამლავი ქიმიით „გაჟღენთილი“ მედიკამენტების გამოყენება ხშირად იწვევს სხვა, „არამიზნობრივი, დაუგეგმავი“ დაავადებების წარმოშობა-გამწვავება-განვითარებას. ამ უკანასკნელ გარემოებაში გვარწმუნებს, თუნდაც წამლების თანმხლები ინსტრუქციები, რომლებშიც ასახულია: პრეპარატის ქიმიური შემადგენლობა, ფარმაკოლოგიური თვისებები, ჩვენებები, უკუჩვენებები, მიღების წესები და დოზები, გვერდითი მოვლენები (ანუ ნაცნობი თუ უცნობი, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი დაავადებები), ორსულობა და ლაქტაცია, განსაკუთრებული მითითებები, ჭარბი დოზირება, სხვა წამლებთან ურთიერთქმედება და სხვ.

ჯანდაცვის ასეთი პარადიგმების, კონცეფციის, სისტემის და შესაბამისი მართვის პირობებში საქართველოში, მთელს მსოფლიოში (განვითარებულშიც და არაგანვითარებულშიც) იზრდება ავადობა (მათ შორის, ფსიქიკური დაავადებები). უფრო და უფრო „ახალგაზრდავდება“ და „ბავშვურდება“ სნეულებები, წარმოიშობა სრულიად უცნობი, ახალი დაავადებები, კატასტროფულად იზრდება ფასები სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე.

საკითხები ქეისის სინერგიული გააზრებისათვის:

1. ქრისტიანულად, ეთიკურად და იურიდიულად რამდენად დასაშვებია ასეთი ფსიქოლოგიური მიდგომა ავადმყოფი ადამიანისადმი, მთლიანად ჯანდაცვისა და ფარმაცევტული სფეროს ორგანიზაციისადმი და შესაბამისი ბიზნესის განვითარება? თანამედროვე ლიბერალ-დემოკრატი უფლებადამცველები, თითიდან გამოწოვილი „პრობლემური“ სფეროების ნაცვლად, აქ ხომ არ უნდა ეძებდნენ ანტიჰუმანურობის გამოვლინებას და სწორედ აქ ხომ არ უნდა იცავდნენ სნეულ ადამიანებს?!

2. რა საბოლო შედეგებს მოუტანს საზოგადოებას და ქვეყანას უღვთო და უზნეო ბიზნეს-იდეოლოგია ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ სფეროში?

3. რა გზით უნდა განვითარდეს ჯანდაცვა?

4. როგორი სინერგიული პარადიგმები, კონცეფცია, მოდელი, პროგრამა, პროექტი უნდა შემუშავდეს პრობლემის გადასაჭრელად?

 ქეისში მოცემული სიტუაციის გააზრების საფუძველზე მართებულად მიგვაჩნია გადმოვცეთ შემდეგი მოსაზრებები:

1. ცალკეული ადამიანის და მთელი საზოგადოების ჯანმრთელობა არ უნდა იყოს კომერციის მიზანი და საგანი. მარტივად გასაგებია, რომ კომერციაზე ნებით თუ უნებურად დამოკიდებული, ფულს გამოდევნებული, მცირე თუ დიდი ანგარებით დაავადებული მკურნალი, ისევე როგორც სამედიცინო და ფარმაცევტული ბიზნესის მესვეურები და ნებისმიერი თანამშრომელი, ვერც საკუთარ თავს განიკურნავს ანგარების სენისაგან (შდრ. „მკურნალო, განიკურნე შენი თავი“ [6, ლუკ. 4, 23. გვ. 1016]) და არც/ვერც ავადმყოფს უშველის რამეს.

2. ამავე დროს, ჯანდაცვის სისტემის მუშაკთა შრომა, მისი უდიდესი ჰუმანური და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებლად მაღალანაზღაურებადი უნდა იყოს.

3. ჯანდაცვას უნდა წარმართავდეს და მკურნალს გარანტირებულ მაღალ ანაზღაურებას აძლევდეს სახელმწიფო.

4. საჭიროა პრემიების დაწესება ექიმებისთვის ყოველ საბოლოოდ გამოჯანმრთელებულ ადამიანზე და, საერთოდ, ქვეყნის მასშტაბით ავადობის მაქსიმალურ შემცირებაზე. იესო ქრისტე აქაც გვასწავლის, რომ „ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა“ [6, ლუკ. 10, 7, გვ. 1024].

5. მისაღებია, აგრეთვე ალტერნატიული, კერძო კომერციული სამედიცინო საქმიანობაც, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქვეყანაში იმოქმედებს მაღალორგანიზებული, უსასყიდლო, ზნეობრივ პრინციპებზე დამყარებული ჯანდაცვის სისტემა. ასეთი სისტემა უნდა ეყრდნობოდეს სახელმწიფოებრივი, საეკლესიო-სამონასტრო და არასამთავრობო სექტორის სამკურნალო დაწესებულებების ჰარმონიულ არსებობა-განვითარებას.

6. საჭიროა შემუშავდეს ეკონომიკური საქმიანობისა და კერძოდ, ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთიანი სინერგიული კონცეფცია საზოგადოების ყველა ფუნდამენტური სექტორისა და ეკლესიის მონაწილეობით, რომლის საფუძველზეც უნდა შეიქმნას სათანადო პროგრამები და გაიშალოს პრაქტიკული საქმიანობა, რათა რეალურად იქნეს მიღწეული საქართველოს ღვთივსულიერი, სინერგიული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნები.

პირადი ჯანდაცვის მართვის სინერგიული გააზრების მეთოდოლოგიური და
პრაქტიკულ-გამოყენებითი ასპექტები

თანამედროვე მსოფლიოს მოწინავე ფიზიოთერაპევტების, ნატუროპათების, ნუტრიციონისტების აზრით, დაავადებათა უმრავლესობის წარმოშობის უმთავრესი მიზეზია არაჯანსაღი, არაორგანული, მკვდარი ნივთიერებებით სავსე საკვების/ სასმელების მიღება, რის გამოც ორგანიზმში გროვდება არაორგანიკა (ტოქსინები, წიდები, მარილები, შაქარი, სახამებელი, კირი, ლორწო), რაც, თავის მხრივ, იწვევს სხვადასხვა დაავადებას [9-14; 16-23; 25-32] .

პირადი ჯანდაცვის მართვა ნორმან უოკერის მიხედვით: მკურნალობა ახალგამოწურული წვენებით

წვენებით თერაპიის და ჯანსაღი კვების (ნუტრიციონიზმის) ფუძემდებელად ითვლება ამერიკელი ბიზნესმენი, დოქტორი, მორწმუნე ქრისტიანი, ნორმან უოკერი (1886-1985) , რომელიც გარდაიცვალა 99 წლის ასაკში [16].

ნორმან უოკერის საყოველთაოდ ცნობილ ნაშრომში [17 - ქართული თარგმანი; 25 - ინგლისური დედანი] ჩამოთვლილია არაჯანსაღი კვების გამო წარმოშობილი მრავალი, მათ შორის, მძიმე და უმძიმესი დაავადებები: ასტიგმატიზმი; სოკო; აციდოზი; ალერგია; აპოპლექსია (დამბლა); ოსტეოქონდროზი; არტერიოსკლეროზი; ართრიტი; კატარაქტა; კენჭები და ქვიშა (თირკმელებში, ნაღვლის ბუშტში); სიმსივნეები; ბრონქიტი; ღვიძლის ციროზი; კოლიტი; ცისტიტი; ნევროზი; სისხლძარღვების ტრომბოზი; ძვლების (მ.შ, კბილების) დაშლა; დიაბეტი; თავის ტკივილი; გასტრიტი; ჩიყვი; ბუასილი; გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; თრომბოზი; ტოქსემია; უძილობა; თეთრსისხლიანობა; ნეფრიტი, ნევრალგია; ფსორეაზი; პროსტატა; პიორეა (ღრძილების ანთება და კბილების მორყევა) და სხვ.

ნორმან უოკერი პირადი ჯანდაცვის მართვის მოსაგვარებლად გვიჩვენებს ნატურალური, არაუმეტეს 40-50 გრადუს ტემპერატურაზე მომზადებული მცენარეული საკვებისა (მეტ ტემპერატურაზე ბოსტნეული და ხილი იწყებს კვდომას, ვინაიდან ამ დროს მისი ორგანული შემადგენელი ელემენტები გადაიქცევა არაორგანულად) და ახალგამოწურული წვენების მეშვეობით დაავადებათა პრევენციისა და სრული გამოჯანმრთელების გზებს, რისთვისაც გვთავაზობს კონკრეტულ რჩევებს და რეცეპტებს.

ნორმან უოკერი, მაგალითად, კიბოს წარმოშობის მიზეზებს შემდეგნაირად განმარტავს: „საჭირო ორგანული ნივთიერებების უკმარისობის გამო ეპითელიური უჯრედების ნახევრადმშიერი ჯგუფები ან ქსოვილები მრავლდება კონცენტრირებული და ხორცეული საკვების მიღებისას“ [17, გვ. 90], აქვე იგი გვთავაზობს შესაბამის რეცეპტებს: №1- სტაფილოს წვენი [17, გვ. 74] და №61 - სტაფილოსა და ისპანახის ნაზავი წვენი პროპორციით ორი ერთზე [17, გვ. 81]. უნდა აღინიშნოს, რომ №61 რეცეპტი კურნავს ისეთი სნეულებებისგან, როგორიცაა: სხვადასხვა სისმსივნე, ტოქსემია, ნეფრიტი, ცისტიტი, დიაბეტი, ბუასილი, დაბალი წნევა, უძილო-ბა, ძვლებისა და კბილების დაშლა, ჩიყვი, სიყრუვ, არტერიების დაავადებები და სხვ. სულ უოკერს განხილული აქვს პრაქტიკულად ყველა ბოსტნეული, ზოგიერთი ხილი, მათი სამკურნალო თვისებები და მოცემული აქვს სათანადო ნაზავების რეცეპტები (სულ 87 რეცეპტი).

წვენები ორგანიზმის მიერ სწრაფად (რამდენიმე წუთში) და სრულად აითვისება. საჭმლის მომნელებელი სისტემა ამაზე მინიმალურ ძალისხმევას ხარჯავს, ამავე დროს, წვენები ორგანიზმიდან გამოდევნის მკვდარი უჯრედების ნარჩენებს, რაც არაჯანსაღი კვების შედეგად გროვდება. გარდა ამისა, წვენში არსებული წყალი, რომელიც დიდი რაოდენობითაა ხილსა და ბოსტნეულში, ძალიან სასარგებლოა, რადგან მასში ორგანული ვიტამინები და მინერალებია გახსნილი.

ნორმან უოკერი გვთავაზობს ვაშლს, ვაშლის წვენს და ვაშლის ძმარს სხვა- დასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

აქ მოვიტანთ ცნობილ ინგლისურ და რუსულ ხალხურ პარადიგმებს ვაშლის მარგებლობის შესახებ: „An apple a day, doctor away” და «По яблоку в день, и доктор не надобен», რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად თითო ვაშლის მიღებით ექიმი აღარ დაგვჭირდება. აქვე კვლავ გავიხსენოთ ჰიპოკრატეს ფუძემდებლური პარადიგმა - „დაე, შენი წამალი იყოს შენი საკვები და შენი საკვები იყოს შენი წამალი“. ეს სიბრძნე აუცილებლად უნდა ვაქციოთ ჩვენი მიწიერი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად, რომელზე დაყრდნობითაც შევძლებთ ეფექტურად ვმართოთ პირადი ჯანმრთელობა.

ნორმან უოკერის მიხედვით, უნდა ვსვათ ახალგამოწურული წვენები. სამკურნალო ეფექტისათვის საკმარისია 3-6 ჩაის ჭიქა წვენი დღეში, ხოლო ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღებისათვის, არაუმეტეს 1-2 ჩაის ჭიქისა.

ნორმან უოკერი პირადი ჯანმრთელობის მართვის ეფექტურობისათვის გვირჩევს,წვენებით კონკრეტული დაავადების მკურნალობის პარალელურად, თავი შევიკავოთ ხორცისგან, ცომეულისაგან, მარილისა და შაქრისგან. ამასთან, საჭიროა აღვიჭურვოთ მოთმინებით და გვახსოვდეს, რომ ნატურალური წვენების საშუალებით ჩვენ ვწმენდთ საკუთარ ორგანიზმს და ვჯანმრთელდებით.

ჩვენი მხრიდან აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ნორმან უოკერისა და სხვა ნატუროპათების და ფიზიოთერაპევტების [9; 11-14; 16-23; 25-32;] მეთოდების გამოყენებით ამ სტრიქონების ავტორი გამოჯანმრთელდა ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა:აციდოზი; ოსტეოქონდროზი; კენჭები და ქვიშა თირკმელებში; ცხვირის ღრუს ანთება; უძილობა.

ჩვენივე რჩევებით და სწავლებით, აღნიშნული და სხვა დაავადებებისაგან (ალერგია; დიაბეტი; თავის ტკივილი; მეხსიერების დარღვევა; გასტრიტი; ჩიყვი; თრომბოზი; ღრძილების ანთება და კბილების მორყევა და სხვ.) განიკურნენ ჩვენი ახლობლებიც.

მაგალითად, რამდენიმე ჩვენმა ახლობელმა შეწყვიტა მეხსიერების დარღვევის სამკურნალოდ ექიმის მის მიერ დანიშნული ჯანმრთლობისათვის სახიფათო პრეპარატ „ლუცეტამის“ გამოყენება და ნიგოზის მიღებით (დღეში 8-10 ლებანი) და ჯანსაღი კვების მეშვეობით, სრულად განიკურნა სენისაგან.

ნორმან უოკერის პირადი ჯანდაცვის მეთოდის გააზრებიდან გამომდინარე, გადმოვცემთ ამ მეთოდის ჩვენეულ პარადიგმას: ჯანსაღი კვების სისტემასა და წვენების მიღებაზე დაფუძნებული თვითმენეჯმენტის მეშვეობით შეგვიძლია სნეულებათა აღკვეთა-პროფილაქტიკა და დამარცხება.

პირადი ჯანდაცვის მართვა პოლ ბრეგის მიხედვით: მკურნალობა შიმშილობით

პოლ ბრეგი - (1881-1976) ცნობილი ამერიკელი ნატუროპათი, ალტერნატიული მედიცინის და ჯანსაღი კვების მოძრაობის მოღვაწე, ბიზნესმენი და შოუმენი, მორწმუნე ქრისტიანი.

პოლ ბრეგმა შექმნა საკუთარი გამაჯანსაღებელი სისტემა, რომელიც ეფუძნება შიმშილობას, სწორ კვებას და ფიზიკურ აქტივობას. მან თავისი პირადი ჯანდაცვის სისტემის წყალობით იცოცხლა 96 წელი (მისი სიკვდილი გამოიწვია უზარმაზარმა ოკეანის ტალღამ, რომელმაც სერფინგით სრიალისას გადაუარა).

პოლ ბრეგის მიერ შემუშავებული სისტემა უამრავ ადამიანს დაეხმარა გამოჯანმრთელებასა და სრულფასოვანი ფიზიკური ცხოვრების უზრუნველყოფაში [18;19; 26-28].

პოლ ბრეგის მიხედვით, რაციონალური შიმშილი, ჯანსაღი კვება და საკუთარ სხეულზე და სულზე მუშაობა, ეს არის სულიერი და ფიზიკური გაახალგაზრდავების, კარგი ჯანმრთელობის მიღწევისა და 120 წლის ასაკამდე სიცოცხლის საშუალება.

თავად პოლ ბრეგს ბავშვობიდან არაერთი დაავადება აწუხებდა. სუსტი ჯანმრთელობის გამო რამდენიმე წელი სამკურნალო სანატორიუმებში გაატარა, სადაც ექიმები მის მშობლებს ბავშვის გამოჯანმრთელების იმედს თითქმის არ უტოვებდნენ.

გამოჯანმრთელების მიზნით პოლ ბრეგმა მოიარა მთელი მსოფლიო, იგი ეცნობოდა ყველაზე ასაკოვანი ადამიანების ცხოვრებას, სწავლობდა სხვადასხვა რელიგიის და პირადი ჯანმრთელობის ურთიერთდამოკიდებულების სინერგიულ პარადიგმებს. ყოველივე ამის გააზრების შედეგად მან შეიმუშავა პირადი ჯანმრთელობის მართვის საკუთარი კონცეფცია და შესაბამისი მეთოდები.

პოლ ბრეგი გვთავაზობს პირადი ჯანდაცვის მართვის ფუძემდებლურ პარადიგმას: „ადამიანის ორგანიზმი ცალკეული უჯრედების ერთობლიობაა. თუ ადამიანი ნორმალურად იკვებება, თუ მისი საკვები აკმაყოფილებს ზრდის და ფუნქციონირების ძირითად მოთხოვნილებებს, ამ უჯრედებს უნარი აქვთ იცოცხლონ 120 წელი და მეტი“ [18]. ხანგრძლივი სიცოცხლის შესაძლებლობას პოლ ბრეგი ბიბლიურ-ქრისტიანული მოძღვრებით ამყარებს: „მე მჯერა, რომ ყოველ ადამიანს ბოძებული აქვს 120 წლის სიცოცხლე, როგორც ეს ბიბლიაში წერია“ [19, გვ. 6].

პირადი ჯანდაცვის მართვის პოლ ბრეგისეული სისტემის სამი ძირითადი პრინციპია:

1) შიმშილობა – სინერგიულად, კომპლექსურად, მოქმედებს ადამიანის მთელს ორგანიზმზე, აღადგენს სულს, სხეულს და გონებას [19, გვ. 54]. ბრეგისეული რაციონალური შიმშილი, სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა ათასობით ადამიანს დაეხმარა დაეძლია მძიმე დიაგნოზი და დაებრუნებინა ხორციელი და სულიერი ჯანმრთელობა.

2) ჯანსაღი კვება – სნეულებათა უმეტესობა არასწორი კვების შედეგია. ბევრი საკვები პროდუქტი მომზადება-გადამუშავებისას მკვდარი ელემენტებით, ტოქსინებით და არაორგანული ქიმიური ნივთიერებებით ივსება. ამიტომ აუცილებელია მხოლოდ ბუნებრივი ენერგიის შემცველი ნატურალური საკვების მიღება. ბრეგის მიხედვით, იდეალური დიეტა 60% ცოცხალი ხილის და ბოსტნეულისგან უნდა შედგებოდეს, 20% ცილოვანი საკვებისგან, დარჩენილი 20% კი, თავის მხრივ, სამი ნაწილისგან შედგება. პირველი – ეს ბუნებრივი სახამებელია, რომელსაც პურიდან, ბრინჯიდან, მარცვლოვნებიდან ვიღებთ. მეორე – ბუნებრივი შაქარი, რომელიც ხილიდან, ჩირიდან, თაფლიდან და წვენებიდან უნდა მივიღოთ. მესამე – ნატურალური უჯერი ცხიმებია (მცენარეული, ზეთისხილის და სოიოს ზეთის ან სხვა უჯერი ზეთები). ბრეგის მიხედვით, მენიუდან უნდა ამოვიღოთ თამბაქო, ალკოჰოლი, შოკოლადი, ნამცხვარ-ტორტები, ყავა, ჩაი, შაქარი და მარილი. აღსანიშნავია, რომ მარილს და შაქარს პოლ ბრეგი „თეთრ სიკვდილს“ უწოდებს.

3) ფიზიკური აქტივობა – ბრეგის სისტემის მესამე მნიშვნელოვანი ნაწილია.

ბრეგის მიხედვით, საკუთარი ჯანმრთელობის მართვის მაღალი ეფექტუ- რობისთვის ადამიანმა უნდა გამოიყენოს ცხრა „უდიდესი მკურნალი“:1) მზის შუქი, 2) სუფთა ჰაერი, 3) სუფთა წყალი, 4) ჯანსაღი საკვები, 5) შიმშილობა, 6) ფიზიკური ვარჯიში, 7) დასვენება, 8) კარგი ტანადობა და 9) გონება.

შიმშილობასთან დაკავშირებით ბრეგმა გამოიკვლია კვების ფიზიოლოგიური პროცედურა, მარხვის ფენომენი, შეისწავლა ფსიქოლოგია და რელიგიები, ბიბლია, ქრისტიანობა, წმინდანთა ცხოვრება. შედეგად დაადგინა, რომ საკვების შეზღუდვა, მარხვა, შიმშილობა ეხმარება ადამიანებს სულიერ-ხორციელი ძალების აღდგენასა და უფალთან დაახლოებაში [19, გვ. 55]. 2

შიმშილობის დროს ადამიანი მოდის ჰარმონიულ მყოფობაში საკუთარ მესთან ფიზიოლოგიურ დონეზე: სხეულიდან გამოიდევნება ყოველგვარი შხამი, რაც კი არაჯანსაღი საკვებიდან, ქიმიური წამლებიდან და დაბინძურებული ჰაერიდან მიგვიღია.

შიმშილობის პროცედურა ცალკეული პიროვნებისთვის, მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, შეიძლება სხვადასხვა იყოს. სტანდარტული კი მდგომარეობს შემდეგში: კვირაში ერთხელ, 24 საათი მხოლოდ გამოხდილი ან სუფთა წყალი უნდა მივიღოთ.

განხილული საკითხების გააზრების საფუძველზე, პირადი ჯანმრთელობის პოლ ბრეგისეული პარადიგმის არსის ჩვენეული გაგება შემდეგია: „ყოველმა ადამიანმა ცხოვრების წესად და თავის ქმედებათა საფუძვლად უნდა აქციოს ჯანსაღი კვება, პერიოდული შიმშილობა და ფიზიკური აქტივობა, რათა იყოს ჯანმრთელი და დიდხანს იცოცხლოს“.

პოლ ბრეგის ამ პარადიგმიდან გამომდინარე, გვინდა ჩამოვაყალიბოთ პირადი ჯანდაცვის მართვის ჩვენეული პარადიგმა  ჯანსაღი კვების სისტემაზე":

1.  ჩვეულებრივი მარილის ნაცვლად, ჩვენ ოჯახში ვიყენებთ ზღვის მარილს, რომელიც ორგანული შემადგენლობისაა და მავნე არ არის ორგანიზმისათვის. ზღვის მარილის შეძენა ძესაძლებელია დიდ სუპერმარკეტებში.

2 მთლიანობაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოლ ბრეგისეული პირადი ჯანმრთელობის მართვის თეორიული კონცეფცია და შესაბამისი პრაქტიკული სისტემა სინერგიულ საფუძველზეა აგებული.

პერიოდულ შიმშილობასა და ფიზიკურ აქტივობაზე დაფუძნებული თვითმენეჯმენტის მეშვეობით შეგვიძლია სნეულებათა აღკვეთა-პროფილაქტიკა, მათი დამარცხება და ხანგრძლივი სიცოცხლე.

დასასრულ, გთავაზობთ ჩვენს მიერ შემუშავებულ პირადი ჯანდაცვის ფუძემდებლურ პარადიგმას შესაბამისი განმარტებით:

  • პარადიგმა: საკუთარი თავის ფიზიოლოგიური და სულიერი არსის სინერგიული შეცნობის საფუძველზე წარმართე/მართე შენი პირადი ჯანდაცვა;
  • განმარტება: პირადი ჯანმრთელობის მართვა არის ადამიანის მიერ საკუთარი ფიზიოლოგიური და სულიერი არსის სინერგიულ შეცნობაზე დამყარებული ქმედებებით, პირადი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა.

ასეთი თეორიული მიდგომა უნდა დაედოს საფუძვლად მიწიერი ცხოვრების დროს ადამიანის მიერ პირადი ჯანმრთელობის მართვის პრაქტიკას.

დასკვნები განსჯისა და გამოყენებისათვის

საქართველოში თვითმენეჯმენტის თეორიის და პრაქტიკის განვითარებისათვის აუცილებელია საკითხისადმი სინერგიული პოზიციებიდან მიდგომა. თეორიულ კვლევებში მნიშვნელოვანია ფუძემდებლური პარადიგმების და განმარტებების განსაზღვრა.

ნაშრომში ჩამოყალიბებულია თემასთან დაკავშირებული ავტორისეული რამდენიმე მნიშვნელოვანი პარადიგმა და განმარტება, რომელთაგან დასკვნაში წარმოვადგენთ უმთავრესს:

1. თვითმენეჯმენტის ფუძემდებლური პარადიგმა: „საკუთარი თავის და საარსებო გარემოს სინერგიული შეცნობისა და შეცნობილი რეალობის შესაბამისი მიზნების დასახვის საფუძველზე წარმართე/მართე შენი ცხოვრებისეული ქმედებები“;

2. თვითმენეჯმენტი არის ადამიანის მიერ საკუთარი თავის სინერგიულ შეცნობაზე დამყარებული საკუთარი ფიზიკური, სულიერი და სოციალური საწყისების, რესურსების და პოტენციალის მართვა-განვითარება.

3. პირადი ჯანმრთელობის მართვის პარადიგმა: „საკუთარი თავის ფიზიოლოგიური და სულიერი არსის შეცნობის საფუძველზე წარმართე/მართე შენი პირადი ჯანდაცვა“;

4. პირადი ჯანმრთელობის მართვა არის ადამიანის მიერ საკუთარი ფიზიოლოგიური და სულიერი არსის სინერგიულ შეცნობაზე დამყარებული ქმედებებით პირადი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა.

ტოტალური პრივატიზების და კომერციალიზაციის ყოვლისმომცველი პოლიტიკა უარყოფითად მოქმედებს საზოგადოების ჯანდაცვის მდგომარეობაზე და იწვევს მწვავე და შეუქცევად სამედიცინო, დემოგრაფიულ და ზნეობრივ გართულებებს.

ასეთ პირობებში აუცილებელია დაავადებათა წარმომშობი რეალური მიზეზების (მაგ., არაჯანსაღი კვება) გამოვლენა და ინდივიდუალური ნატუროპათიური მეთოდებით საკუთარი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. საჭიროა მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში კარგად აპრობირებული პირადი ჯანდაცვის მართვის მეთოდების გამოყენება ჩვენს რეალობაში.

ჩვენი მიწიერი ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად აუცილებლად უნდა ვაქციოთ ჰიპოკრატეს ფუძემდებლური ნატუროპათიური პარადიგმა „დაე შენი წამალი იყოს შენი საკვები და შენი საკვები იყოს შენი წამალი“ რომელზე დაყრდნობითაც შევძლებთ ეფექტურად ვმართოთ პირადი ჯანმრთელობა.

ყოველმა ადამიანმა ცხოვრების წესად და თავის ქმედებათა საფუძვლად უნდა აქციოს ჯანსაღი კვება, პერიოდული შიმშილობა და ფიზიკური აქტივობა, რათა იყოს ჯანმრთელი და დიდხანს იცოცხლოს.

ლიტერატურა:

1. ღუდუშაური ზ. თვითმენეჯმენტი (სახელმძღვანელო). თბილისი, „საჩინო“, 2015, 320 გვ.

2. შიხაშვილი გ. სამედიცინო, ფარმაცევტული და სასურსათო ბიზნესის ქრისტიანული გააზრება. ჟურნ. „ბიზნესი და კანონმდებლობა“. № 6-7 (ივნისი-ივლისი), 2011, გვ. 65-68.

3. შიხაშვილი გ., ბაკაშვილი ნ., მღვდელი ბასილი (ახვლედიანი). მართლმადიდებლური თეოლოგიური ეკონომიკისა და მართვის საფუძვლები. თბილისი, „მერიდიანი“, 2009, 368 გვ.

4. ჭელიძე ქ. შეიცან თავი შენი. http://www.ambioni.ge/seican-tavi-seni (9.11.17, 1 გვ.)

5. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მეცნიერების, განათლების, კულ- ტურისა და ხელოვნების შესახებ. შემდგენელ-გამომცემელი შიხაშვილი გ. თბილისი, „გეოკერია”, 2004 , 236 გვ.

6. ბიბლია. საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა. თბილისი, 1989, 1216 გვ.

7. ლოცვანი - ვის ვევედროთ ავადმყოფობისა და გაჭირვების დროს. რედ. კ. ჩიჩილიძე. რუსთავი, „გორგასალი“, 2002.

8. ილია მეორის სიბრძნის კიდობანი. შემდგენელ-გამომცემელი მგელაძე ტ. თბილისი, 2016, 544 გვ.

9. არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე). ბიოეთიკა: გენეზისი, არსი, მერმისი. თბილისი, საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, 2012, 549 გვ.

10. ბახტაძე დ., კოღუაშვილი პ. ქართველთა კვების კულტურა. თბილისი, „ინოვაცია“, 2009, 188 გვ.

11. მოსაშვილი-ბერიძე მ., გონსალეს ფერნანდესი რ. სამკურნალო პროფილაქტიკური სამზარეულო. თბილისი, 2015, 927 გვ.

12. ნარმანია კ. შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია. თბილისი, „საჩინო“, 2015, 228 გვ.

13. ყიფიანი დ. ვაშლის ძმრის საოცრებანი. თბილისი, 2013, 32 გვ.

14. ხიდეშელი შ. ყვავილის თაფლი და თაფლის პროდუქტები-ჯანსაღი ცხოვრების ელექსირი. თბილისი, „ცის ნამი“, 2007,80 გვ.

15. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების შესახებ. შემდგენელ-გამომცემელი გ.შიხაშვილი, თბილისი, „გეოკერია”, 2004, 334 გვ.

16. ნორმან უოკერი. ვებგვერდი - http://www.fitni.ge/2017/08/03/%E1%83%9C% E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C-%E1%8 3%A3%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-

%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90

%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91/

17. უოკერი ნ. მკურნალობა ბოსტნეულის წვენებით.ინგლისურიდან თარგმნა ჯ.თითმერიამ. თბილისი,„ხელოვნება“,1991,115 გვ.

18. პოლ ბრეგი. ვებგვერდი - http://www.fitni.ge/2017/08/02/%E1%83%9E%E1%83

%9D%E1%83%9A-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1% 83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A8%E

1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-

%E1%83%A1%E1%83%90/

19. ბრეგი პ. შიმშილობის სასწაული. ინგლისურიდან თარგმნა ლ. ჩანტლაძემ. თბილისი, „წყარო“, 1991, 192 გვ.

20. ბენჯამინი ჰ. მათუსალას საიდუმლო. (ნატუროპათიული კრებული - ბუნებრივი მკურნალობის პოპულარული კრებული). ინგლისურიდან თარგმნეს ვ. ფრანგულაშვილმა და ნ. ხელაიამ. თბილისი, „წყარო“, 1991, 319 გვ.

21. შელტონი ჰ. შიმშილობა გადაარჩენს თქვენს სიცოცხლეს. ინგლისურიდან თარგმნა გ. ლომთაძემ. თბილისი, 1996, 195 გვ.

22. ჯანსაღი კვების სწავლება დაწყებით სკოლებში. ტ. 1: ქრესტომათია. ინგლისურიდან თარგმნა ქ. ქანთარიამ. თბილისი, 2008, 231 გვ.

23. ოჯახის ექიმი - 2. რუსულიდან თარგმნეს ა. კუსრაშვილმა და ე. მარნელმა. თბილისი, 2009, 223 გვ.

24. მიტროპოლიტი   იეროთეოსი    (ვლახოსი).    სულიერი   მედიცინის   მეცნიერება - მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის საქმე. ბერძნულიდან თარგმნეს ე. დუღაშვილმა და ლ. ბუკიამ. თბილისი, „ახალი ივერონი“, 2017, 389 გვ.

25. Walker N. Fresh Vegetable and Fruit Juises – what’s missing in your body. USA, NorwalkPress, 1978, 125 p.

26. Bragg Paul. https://en.wikipedia.org/wiki/Paul_Bragg

27. Bragg Paul, Bragg Patricia. The Miracle of Fasting: Proven Throughout History for Physical, Mental & Spiritual Rejuvenation. USA, 2011, 255 p.

28. Брегг П. Формула совершенства. Пер. с англ. Москва, «Церера», 1993, 351 стр.

29. Кольберт Д. Библейские принципы здорового питания. Москва, Триада, 2006, 238 стр.

30. American Society for Nutrition (ASN) Journals – At the Forefront of Nutrition Research. (https://nutrition.org/publications/ - 9.11.17.)

31. Dietitian, Nutritionist, NutritionalTherapist or Diet Expert?Acomprehensiveguideto roles and functions. Birmingham,The British Dietetic Association, 2014, 16 p. (https://www. bda.uk.com/improvinghealth/awareness_raising/dw2017_dietitiannutritionpostcardpdf-9.11.17).

32.Плюснин В., Плюснина Г. Советы православного врача. Обнинск, «Принтер», 2002, 296 стр.

33. Drucker P. Management Challenges for the 21th Century. New York, Harper Collins Publishers, 2001, 207 p.

34. Dyck B. Management and the Gospel: Luke’s Radical Message for the First and Twenty- First Centuries. New York, Palgrave Macmillan, 2013, 320 p.

35. Mackey L. Self-management skills in chronic disease management – what role does health literacy have? Physiotherapy and Sport Science University College Dublin. 34 p.